რა შემთხვევაშია თანახმა ენერგო პრო ჯორჯია სოფელ ჯოყოლოში ტრანსფორმატორის დემონტაჟი განახორციელოს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ტერიტორია, სადაც დენის ტრანსფორმატორი ამჟამად განთავსებულია, ეკუთვნის ენერგო პრო ჯორჯიას.
როგორც “კახეთის ხმას” ენერგო კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორია წლების წინ თვითნებურად ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიითვისა. ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ კომპანია მზადაა, განახორციელოს ტრანსფორმატორის დემონტაჟი და ის სხვა ადგილას განათავსოს, თუმცა სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრები უნდა გაიღოს მოქალაქემ, რომლის თვითნებურად მიკუთვნებულ ადგილზე დგას ელექტრომწყობილობა.
“ტრანსფორმატორი წლების წინ აშენდა და ამ ადგილას საცხოვრებელი სახლი არ იყო. შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიითვისა ეს ტერიტორია და შემოღობა. თუ მას სურს, რომ ტრანსფორმატორის დემონტაჟი განახორციელოს კომპანიამ და სხვა ადგილას განათავსოს, სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებული თანხა მან უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ენერგო კომპანიამ არაერთხელ სცადა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაეტარებინა, თუმცა აღნიშნულმა მოქალაქემ ენერგო პრო ჯორჯიას ამის საშუალება არ მისცა”, – აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში აქცია ცოტა ხნის წინ გაიმართა. როგორც “კახეთის ხმას” სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის საცხოვრებელი სახლის ეზოში დგას, რაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ბორძიკაშვილის განმარტებით, მოსახლეობა ელექტროგადამცემი სისტემის განთავასებას საცხოვრებელი სახლების მოშორებით ითხოვს.