სოფელ ჩაილურის ციხე- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ჩაილურის ციხე მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს.
ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.
ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში 1800 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.
გადმოცემის თანახმად, 20 საუკუნისათვის ციხე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა. 80-იან წლებში, კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტანდარტების დაცვით, გადაწყვეტილი ჰქონდა ციხის გარკვეული ნაწილის რესტავრაცია, ხოლო ნაწილის კონსერვაცია.