ახალი ამბები

თუშეთის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა 5 ივნისს აღდგება

ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა 5 ივნისს აღდგება, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

როგორც knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გაწმენდილია გზის 45 კილომეტრიანი მონაკვეთი.

,,გზის გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაახლოებით 5-7 კილომეტრია გასაწმენდი, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგეს. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მოვლა-პატრონობის ვალდებულება 15 ოქტომბრამდე გვაქვს”, – აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, სასაზღრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ზამთრის სეზონზე კახეთის ყველაზე მაღალმთიან დასახლებაში კვირაში ერთხელ რეგურალურ რეისებს ასრულებდა და მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო, ზაფხულის პერიოდში თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს. ვერტმფრენი საქართველო- რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.