პანკისში დაპირისპირებული ქავთარაშვილების და მუთოშვილების შესარიგებლად მოსახლეობა შეიკრიბა
პანკისის ხეობაში, გასული წლის ნოემბერში მომხდარი მკვლელობის დროს დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად, ხეობის მოსახლეობა მუთოშვილების ოჯახშია შეკრებილი.
მუსლიმების რელიგიური დღესასწაულის, რამადანის დასრულების შემდეგ, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგებას, ადგილობრივები, დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
პანკისელები ამბობენ, რომ გვარების შერიგებაში შუამავალი პირების მიზანი, სისხლისღვრის თავიდან აცილება და დამნაშავეების დასჯაა.
,, ახლა მთავარია, ესენი შერიგდნენ, რომ სისხლისღვრა აღარ განმეორდეს. დამნაშავეებსაც კანონი დასჯის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით, რომ ეს საქმე შერიგებით დასრულდეს”, – განაცხადა ერთ- ერთმა უხუცესმა, ზელიმხან წუწაშვილმა.
დაპირისპირებული გვარების შერიგების მცდელობა, ხეობაში ბოლოს რამდენიმე თვის წინ იყო, როცა პანკისში, ჩეჩნეთიდან, სპეციალურად შუამავლობისათვის, მაჰმადიანური სამყაროს გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, მიიღებს თუ არა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქავთარაშვილების გვარის შეთავაზებას, მუთოშვილების დაზარალებული მხარე.
შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება, სოფელ საკობიანოსთან, გასული წლის ნოემბერში მოხდა.
შემთხვევის შედეგად, 38 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა და დაიჭრა სამი ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.
თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირების შემდეგ, მუთოშვილებმა ტრადიციული წესის თანახმად, სისხლის აღების გადაწყვიტილება მიიღეს, თუმცა, მრავალმხრივი ჩარევის შემდეგ, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და განაცხადეს, რომ წესი უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებზე გავრცელდება.
მუთოშვილების ოჯახის გადაწყვეტილება შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.