ნელი ხიზანიშვილი – ლუგარის ლაბორატორიის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა გამორიცხულია
ლუგარის სახელობის ლაბორატორიას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია და მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა გამორიცხულია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამარტულ ბრიფინგზე. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ვერიფიკაცია აღარ სჭირდება.
„ლუგარის ლაბორატორიაში გრიპს და სხვა რესპირატორულ დაავადებებს იკვლევენ. ლუგარის ლაბორატორიას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია. მის შედეგებს ვერიფიკაცია აღარ სჭირდება, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს უფრო ჩაღრმავებულ კვლევას, რათა მივიდეთ მიზეზამდე. ლუგარის ლაბორატორიის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგი უარყოფითია. პირველ ტესტირებაზე ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო განმეორებით ორჯერ ჩატარებულმა კვლევამ „კოვიდ 19“ დაადგინა“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.