ექთანი თუშეთიდან, რომელმაც ბარში ყოფნას მთაში ცხოვრება არჩია
ექთანი ნინო გაწირიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის სოფელ ომალოში უკვე 4 წელია ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ის ოჯახთან ერთად მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას მისდევს. ნინო ამბობს, რომ ბარში ყოფნას მთაში ცხოვრება სჯობს, რადგან აქ ჰაერი სუფთაა და დაცულები არიან ყოველგვარი ვირუსისგან. ნინოს ამავდროულად ჰყავს სკოლის მოსწავლე შვილი, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში ბარში ბებიასთან რჩება.
,,ოთხი წელია ზამთარ-ზაფხულს აქ ვარ შვილებთან ერთად. თუშეთი ისედაც თვითიზოლაციაშია, რადგან აქ არ მოძრაობს ხალხი და ვირუსის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არის.
მე ექთანი ვარ, გვაქვს ასევე წამლებიც და თუ ვიმეს რამე დასჭირდება, ვაძლევთ წამალს და ვმკურნალობთ. თუ რამე გაგვიჭირდება, ახმეტის მნიციპალიტეტის მერია გვეხმარება”,- განაცხადა ნინო გაწირიძემ.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ოქტომბრიდან მაისამდე, 7 თვის მანძილზე, ჩაკეტილია და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახელებული ადგილი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაშია მოქცეული.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში თუშეთის ხუთ სოფელში მხოლოდ მუდმივად მცხოვრები 25 ადამიანი რჩება, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მყოფი სოფლის ექიმი და ექთანი უწევენ სამედიცინო მომსახურეობას.
,,მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას, ისევე როგორც ტურისტულ სეზონზე ჩამოსულ დამსვენებლებს, საჭირო მედიკამენტებით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფთ”,– აცხადებენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.