თუშეთში მუდმივ მაცხოვრებლებს სასურსათო კალათა გადასცეს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო კალათები გადასცეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთის მიმართულებით ფრენა რეგულარულად სრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის გადაყვანას, ასევე მათთვის საჭირო საკვების გადატანას სასაზვრო პოლიციის ვერტმფრენი უზრუნველყოფს.
“თუშეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ზამთრის პერიოდში ისედაც თვითიზოლაციაშია მოქცეული. აქ მყოფი ადამიანების ფიქრი და გულისყური ახლა ბარისკენ არის მიმართული. წელს, თუშეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ტურისტული სეზონი სავარაუდოდ არ იქნება აქტიური, თუმცა ეს პერიოდი ინფრასტრუქტურის განახლებასა და თუშეთის შემდეგი ტურისტული სეზონებისთვის მზაობის პროცესს მომხმარდება”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამითი გათვალისწინებული სასურსათო კალათები თუშეთის მუდმივ მცხოვრებლებს წელიწადში ორჯერ გადაეცემათ.
“11 დასახელების პროდუქტისგან შემდგარი 25 სასურსათო კალათა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადავეცით მოზამთრეებს”, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

