კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად თელავში 2 სამედიცინო დაწესებულება მომზადდა
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქეების მომსახურება უკვე შეჩერდა. პაციენტები სხვა სამედიცინო დაწესებულებებში უკვე გადაანაწილეს.
საავადმყოფოში განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულება სრულ მზადყოფნაშია და კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიღებას დღეიდან დაიწყებს.
მოქალაქეების მიღება ასევე შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც. სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს ბოქსირებული განყოფილებების მოწყობა და პერსონალის მომზადება.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, კახეთში სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების გადაყვანა დროის დაზოგვას შეუწყობს ხელს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სწრაფ ტესტებს კვირის ბოლომდე მიიღებენ, რისთვისაც პერსონალი გადამზადდება.
,,სულ ოთხი საავადმყოფოდან გაჰყავთ პაციენტები. მიმდინარეობს ბოქსირებული განყოფილებების მზადება, გვაქვს ტრენინგები მედპერსონალთან. დღევანდელი მდგომარეობით ვირუსის შემთხვევა რეგიონში არ გვაქვს”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
25 მარტის მონაცემებით, კახეთის ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საკარანტინო სივრცეში, 528 მოქალაქეა მოთავსებული.
ავტორი: მაკა ხაზიური