იორმუღანლოს თემში მოსახლეობას მაღალი ტემპერატურა და ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება
იორმუღანლოს თემში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, – განაცხადა საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც knews.ge-ს ლელა ოთარაშვილმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული იორმუღანლოს თემის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს მაღალი ტემპერატურა აქვს და ექიმს არ მიმართავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი განმარტებით, სოფლებში საგარეჯოს მერის წარმომადგენლებმა, ოჯახის ექიმებმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია ყველა უბანში გადაამოწმეს.
ოთარაშვილის თქმით, იორმუღანლოს თემის მოსახლეობა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია და ამავე დროს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ მედიკოსებს.
,,იორმუღანლოს თემის სოფლებს ემსახურება 5 ოჯახის ექიმი, ასევე აქ არის ერთი სამედიცინო დაწესებულება. აქ ექიმების ნაკლებობის პრობლემა არ არის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ამ ადამიანების ინფორმირება. თვითმმართველობის წარმომადგენლების და ექიმების ჩართულობით რამდენჯერმე ჩატარდა ინფორმირების კამპანია, დარიგდა ფლაერები, ბუკლეტები, თავშეყროს ადგილებზე გაიკრა განცხადებები.
ასევე გადამოწმდა ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა იმის შესახებ, რომ აქ მცხოვრებლებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმს არ მიმართავენ. ჩვენ ყველა სოფელში, ყველა უბანში გადავამოწმეთ ინფორმაცია. მომავალშიც ვგეგმავთ აქტიურ ღონისძიებებს ამ სოფლებში მოსახლეობის ინფორმირების მიზნით”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ლელა ოთარაშვილმა.