რუისპირში სადეზინფექციო ხსნარისა და პირბადეების წარმოება დაიწყეს
რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში სადეზინფექციო სითხეებისა და პირბადეების წარმოება დაიწყო.
მეურნეობის მფლობელის, გიორგი ალადაშვილის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ტურისტული სეზონი აქტიური კიდევ დიდხანს არ იქნება და შესაბამისად მათ წარმოება ადაპტირდება და დღევანდელ საჭიროებებზე მოერგება.
„სადეზინფექციო სითხეები და პირბადეები გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე ახლო მომავალში გამოვა. იმისთვის, არ მომიწიოს თანამშრომლების სახლში გაშვება, მეურნეობა გადავაწყეთ. 100 მილილიტრიან ხსნარს 2 ლარად გავყიდით, ხოლო 250 მილილიტრიანს – 3 ლარად. ამ ეტაპზე არ ვართ ორიენტირებული მოგებაზე.
გავიარე კონსულტაციები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და ჩვენი წარმოების 85 გრადუსიანი სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, გვირილის ნაყენი და თაფლი დასარბილებლად დავამზადეთ სადეზინფექციო სითხე.
პირბადეებისთვის გამოვიყენეთ სამმაგი მატერია მიტკალი – ძველად საავადმყოფოებში სწორედ ამას ხმარობდნენ, ახლა რისი რესურსიც გვქონდა ამ პერიოდისთვის. ეს პირბადეები იქნება მრავალჯერადი გამოყენების. პირველადი წარმოებისას დავამზადეთ 10 000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი, ხოლო პირბადე 5 000 ცალი და ამის წარმოებას მოთხოვნიდან გამომდინარე გავაგრძელებთ.
ამასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ პროდუქტების კალათას მათი სურვილისამებრ – სადეზინფექციო, პირბადეები, კვერცხი და სხვა სოფლის პროდუქცია“, – განმარტავს რუისპირის დინამიური მეურნეობის მფლობელმა.
გიორგი ალადაშვილის თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო დაინტერესდება ასეთი ინიციატივებით და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს წარმოებაში.