დღეიდან კახეთში სილამაზის სალონები, ტანსაცმლის მაღაზიები და დიდი სავაჭრო ობიექტები დაიხურა
საქართველოში სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
თელავის მუნიციპალიტეტშიც ფუნქციონირება შეწყვიტა რესტორნებმა, სილამაზის სალონებმა და დიდმა სავაჭრო ცენტრებმა. როგორც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები Knews – ს თან აცხადებენ, ზუსტად არ იციან რამდენ ხანს მოუწევთ მაღაზიების დახურვა.
რაც შეეხება აგრარულ ბაზრებს, ისინი არიან ღია სივრცეში და მათ ამ ეტაპზე არ ემუქრებათ დაკეტვა.
,,აგრარულ ბაზრებზე ეს შუზღუდვა არ იმოქმედებს, ასევე მუშაობს ფოსტა და სასურსათო მაღაზიების გარდა იმუშავებს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო შხამ- ქიმიკატების მაღაზიები”, – აცხადებს კახეთის გუბერნიის წარმომადგენელი.
აკრძალვის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, როდესაც პრემიერმა საგანგებო შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა, უნდა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.