ახალი ამბები

ემუქრება თუ არა უამინდობა სოფლის მეურნეობას

ბოლო რამდენიმე დღეა კახეთში ამინდი გაუარესდა.

სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულების თქმით, თუ ყინვა არ იქნება, სასოფლო სამეურნეო კულტურებისთვის თოვლი საზიანო არ არის.

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის კულტურებისთვის ნალექი, თუნდაც თოვლის სახით სასარგებლოა, თუმცა პრობლემა შეიძლება დაბალმა ტემპერატურამ შექმნას, რადგან მრავალწლიანი კულტურების ნაწილი უკვე ყვავილობს.

,, ნალექი სოფლის მეურნეობის ყველა კულტურისთვის სასარგებლოა, მათ შორის თოვლი, თუმცა თუ ტემპერატურა დაეცემა და ყინვები დაიწყება, მოსავლისთვის ცუდია. ყინვა საშიშია სოფლის მეურნეობისთვის. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ხილის მოსავალი დაზიანდება. ამ დროს ხეებს უკვე კვირტი აქვს, ზოგი ახლა ყვავილობს და შსაძლოა დაბალი ტემპერატურა საზიანო იყოს”,– განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, კახეთის რეგიონში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. 19-20 მარტს ამინდი გაუმჯობესდება, ხოლო კვირის ბოლოს კვლავ მოსალოდნელია ნალექი თოვლის და წვიმის სახით.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, ხოლო ღამით 0-დან 4 გრადუსამდე იქნება.