CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილს შორის თუშეთი, სიღნაღი და საგარეჯო დაასახელა
CNN-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში მდებარე 10 საოცნებო ადგილზეა საუბარი.
როგორც ავტორი წერს, დასავლეთ საქართველოში სუბტროპიკული ციტრუსის ბაღების ნახვაა შესაძლებელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ვენახების. სტატიაში ჩამოთვლილია ათი ადგილი, რომელსაც ავტორი ახასიათებს როგორც გასაოცარს.
სტატიის ავტორი სიღნაღზე წერს და აღნიშნავს, რომ აქ მსურველს ღვინის დაგემოვნება შეუძლია. სტატიაში ასევე საუბარია დართლოზე, რომელიც თუშეთის ნაწილია და სადაც ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.
სტატიაში ასევე საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც ავტორის თქმით, ვიზიტორს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.
სტატიაში საუბარია მუცოზე, სადაც მხოლოდ 22 ხევსურიღა ცხოვრობს. ასევე მოყვანილია კიდევ ერთი მაღალმთიანი დასახლება უშგული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.
სტატიაში საუბარია ვარძიაზეც, რომელიც თბილისიდან ხუთი საათის სავალზეა და სადაც წარმოდგენილია გამოქვაბულების კომპლექსი.
გელათის მონასტერი – ავტორი მსურველს ურჩევს ქუთაისში მდებარე ამ მონასტერს ეწვიოს და გაეცნოს ბიზანტიის სტილის ფრესკებს. ავტორს არ გამორჩენია გერგეთის სამებაც, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და რომელიც მე-14 საუკუნეში გლეხებმა ააგეს.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ასევე ანანურზე და გომისმთაზეც, რომელიც გურიის მთებში მდებარეობს. ავტორი ამბობს, რომ გომისმთა მესტიის, ბორჯომისა და სტეფანწმინდისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია.