ახალი ამბები

კომპანიამ ,,სამეფო თაფლი” 2 წელში 50 ტონა პროდუქცია აწარმოა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანიის “სამეფო თაფლი” დამფუძნებლის გიორგი გომელაურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა.

მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესი მან 2017 წელს წამოიწყო.

„სტარტაპი 30 000 ლარის ინვესტიციით დავიწყეთ. საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კი ქვეყნის უმსხვილეს ჰიპერმარკეტებში გვაქვს შეტანილი ჩვენი პროდუქტი.

ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს, ასევე პირველებმა შევიტანეთ ქართულ ბაზარზე ფიჭიანი თაფლი და თხილეულის ნაირსახეობა თაფლში, რომლებსაც მომხმარებელი დადებითად შეხვდა.

დღეისთვის ჩვენი მეურნეობიდან და სხვა პარტნიორი მეფუტკრეებიდან ვაწარმოებთ მაისის, წაბლის, ცაცხვის და აკაციის თაფლს. ფუტკარს ვმკურნალობთ ბიო პრეპარატებით, არ ვაჭმევთ შაქრის სიროფს, წელიწადში მინიმუმ 3-4 ადგილას ვამთაბარებთ და ვიღებთ 100% ნატურალურ თაფლს,”-განაცხადა გიორგი გომელაურმა.

მისი განმარტებით, 2 წლის განმავლობაში კომპანიამ 50 ტონა პროდუქცია აწარმოა.

მეწარმე ასევე განმარტავს, რომ სამომავლიდ მათი მიზანი პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.