თელავში, ყამბარაშვილის კლინიკის თანამშრომლების ნაწილი მეოთხე თვეა ხელფასის გარეშეა დარჩენილი
თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის თანამშრომლების ნაწილს ოთხი თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.
მედ-პერსონალი ამ საკითხზე ღიად საუბარს თავს არიდებს და საჯარო გამოჩენას ერიდება.
თავად კლინიკის დირექტორი კი პრობლემის არსებობას ადასტურებს და განმარტავს, რომ დაწესებულებაში ხელფასის გაცემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან შესულ თანხებზეა დამოკიდებული.
,,ჩვენთან შემოსავლის 95% საყოველთაო ჯანდაცვიდან შემოსული თანხაა. ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული გვაქვს აგვისტოს თვის თანხა. სანიტრებს, ვისაც მცირე ანაზღაურება აქვს, დეკემბრის თვის ხელფასი გავუსტუმრეთ.
იანვრის თვის ხელფასს ჩემი თანამშრომლები აპრილის ბოლოს აიღებენ”,– განაცხადა ავთანდილ ყამბარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხა კლინიკებს სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერიცხებათ.