საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა თელავში
წლებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა თელავში მოუგვარებელია. ადგილობრივები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამ საკითხის მოგვარებას სთხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ამ პრობლემის გამო სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მუნიციპალუჯრ ცენტრში ჩასვლის სერიოზული პრობლემა ექმნებათ.
მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თელავში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქ თელავში საღამოობით ტარდება, ამ პრობლემის გამო კი ისინი სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ.
,,განათლება და კულტურა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ვერ მიიღონ იმ აქტივობებში მონაწილეობა, რაც ქალაქში იმართება.
ისედაც ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან ყველაფერს, რადგან სოფლებში არაფერი არ ხდება და სადაც ხდება იქაც ვერ მიდიან მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო.
მაგალითად, როცა ნიკოლოზ რაჭველი და სიმფონიური ორკესტრი იყო თელავის თეატრში ჩამოსული, იმის გამო რომ საღამოს მიმდინარეობდა, ვერც მე და ვერც ჩემმა ბევრმა მეგობარმა ვერ მოვახერხეთ დასწრება, იმიტომ რომ არ ვიცოდით სახლში რითი დავბრუნებულიყავით’’,-განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში ჰქპირდება. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, თელავს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის განმავლობაში თელავში ავტობუსები შემოვა. გარდა ამისა, მოეწყობა ავტოსადგომი. პროექტის მეორე ეტაპზე, 2020-2021 წლებში კი ავტობუსებს შემოვიყვანთ მთელი მუნიციპალიტეტისთვის. 2021 წლიდან მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტს მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი”,-აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 10 ახალი ავტობუსი გადაეცემა. სხვადასხვა რეგიონისა და მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსის ყიდვისთვის გამოყოფილია 17 მილიონი ევრო.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული გამოკითხვა:
ავტორები: მაკა ხაზიური, თიკო ქოქიაშვილი, ზურა არჩემაშვილი.