ახალი ამბები

“ღვინის სოფელი”- ყვარელში ახალი ტურისტული ზონა მოეწყობა

ყვარელში ახალი ტურისტული ზონა მოეწყობა. 

პროექტის განმახორციელებელი კომპანიის 7S-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია მეღვინეობით დაინტერესებულ პირებს ყვარელში ვენახის გასაშენებლად და კოტეჯის მოსაწყობად სპეციალურად განკუთვნილ ადგილმდებარეობას სთავაზობს. პროექტის ღირებულება კი ჯამში $76 000-ის ექვივალენტი ლარია.

მათივე თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერში “ღვინის სოფლის” გზის, კომუნიკაციების და ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება და ზამთარში ჯამში, 20 ნაკვეთის რეზერვაცია დასრულდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

“ვინც ამ პროექტში შემოვა, მთავარი მოთხოვნები არის ის, რომ 400 კვ.მ-ზე ვენახი უნდა აიშენოს. უნდა გააშენოს საფერავის, რქაწითელის, ან სხვა ჯიშის ყურძენი. ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სახლები დიდი ზომის არ იყოს. სახლი, რომელიც აშენდება, აუცილებლად თეთრი ფერის და ქართული აგურით დახურული უნდა იყოს.

პროექტის მიზანი არის ის, რომ კახეთში სახლი ყველას უნდა ჰქონდეს, სადაც თავის საგვარეულო ღვინის შექმნის შესაძლებლობაც ექნებათ”, – განაცხადეს კომპანიაში.