თუშეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინანტი გახდა
საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე თუშეთის ეროვნულმა პარკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ნიუ იორკ თაიმსმა მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის 24 ნომინანტის ნუსხა გუშინ გამოაქვეყნა.
მათ შორისაა თუშეთი, რომელიც 250 განაცხადს შორის შერჩეულ იქნა, როგორც მსოფლიოში გამორჩეული კულტურული დაბუნებრივი საგანძური.
,,ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე თუშეთს საგანგებო ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იქ კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი თემის გაძლიერებას.
2020 წლის ზაფხულში თუშეთი უმასპინძლებს ე.წ. ,,მეთვალყურეობის დღეს”, რომელსაც დიდი საერთაშორისო ხილვადობა ექნება. ამ ღონისძიებას არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტი დაესწრება.
2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამისთვის სტავროს ნიარქოსისა და ფორდის ფონდის დახმარებით შეიქმნა მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო საინვესტიციო ფონდი ბიუჯეტით US$ 600.000, რომელიც პროგრამის ნომინანტებს მოხმარდება.
ახალი სტატუსი სავარაუდოდ საშუალებას მისცემს თუშეთს ამ ფონდის მხარდაჭერა მოიპოვოს თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად და ადგილობრივი თემის კეთილდღეობის ასამაღლებლად”,- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ გავრცელებულ მასალებში.