თელავში მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გამართა

თელავში მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ეთნიკური უმცირესობები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდეს.

საპროტესო აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” მიზანია, ხელისუფლება მშვიდობიანი “პროპორციული არჩევნების გზით, სახლში გაუშვან”.

აქციის ორგანიზატორის, მოძრაობის ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, რეგიონებში აქციების გამართვის მიზანს მეტი ახალგაზრდას გააქტიურება წარმოადგენს.

,,გვყავს მტერი რუსეთი, რომელიც არის შესაჩერებელი. გარდა ამისა, ჩვენ აღარ გვინდა ვიცხოვროთ რეჟიმში სადაც გვაბრმავებენ, გვარბევენ და შეკრების თავისუფლებას არ გვაძლევენ. მერე მოძალადე მინისტრს პრემიერად ნიშნავენ და ანგრევენ ეკონომიკას.

ჩვენ როგორც დავპირდით მოსახლეობას, დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და თელავი არის პირველი ქალაქი სადაც ჩამოვედით. ეს არის მთავარი ოპოზიციური ქალაქი, რომელიც ბრმად არავის არ იჩევს. აქციის მონაწილეებს ჩვენ მოვუყევით რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ არჩევნებს და მათ აქტიურობას, რომ ეს მთავრობა გავუშვათ სახლში”,– განუცხადა knews.ge-ს გიგა მაქარაშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარიას თქმით, 4 თვე გავიდა ,,გავრილოვის ღამიდან”, მთავრობამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა, რუსი დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში და მომიტინგეებს თვალები დათხარა.

,,დღეს არის 4 თვის თავი იქიდან, როცა ხელისუფლებამ ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა და შეიყვანა რუსი დეპუტატი პარლამენტში. მეორეს 4 თვე გავიდა იქიდან, როცა ქართველმა საზოგადოებამ ჩააბარა ღირსების ტესტი. აუცილებლობა იმისა, რომ ვიბრძოლოთ დღემდე დგას.

ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებდნენ, დაიჭირეს, არ აღიარეს დაზარალებულად პირები, რომლებმაც თვალები დაკარგეს. გარდა ამისა, მთავრობამ ციხიდან გამოუშვა დამნაშავე პოლიციელები, დააწინაურა გახარია, რომელსაც ამისი პასუხისმგებლობა ეკისრება, არაფერს უპირისპირებს მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მიმდინარეობს.

ამიტომ თუ ხელისუფლება თავს მოვალეობას არ ასრულებს, ჩვენი ვალია ქვეყნის თავისუფლებისთვის, მშვიდობიანი გზით, არჩევნებით გავუშვათ სახლში. მნიშვნელოვანია რომ პროტესტი გასცდა თბილისს და გადაინაცვლა რეგიონებში”,– განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეების თქმით, მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება, მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. თელავში მცხოვრები არჩილ მჭედლიშვილის თქმით, სწორედ ეს და სხვა საკითხები გახდა აქციის გამართვის მიზეზი.

,,მე აქციაზე იმიტომ ვდგავარ, რომ ეს არის ჩემი ქალაქი და დღეს ჩემი ქვეყანა რომელიც ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს. რუსეთი ჩვენი მტერია და ეს მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებს რუსი ვიგინდარები მავთულხლართებს უბამენ და სახლებს ატოვებინებენ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ნებით თუ უნებლიედ მთავრობა. ასე გაგრძელება აღარ შეიცლება”,– განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *