სიღნაღში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების დასრულების შემდეგ უწყებაში მოქალაქეების მიერ დამუშავებული 100-მდე პროექტი შევიდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხება.
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომლებსაც კოორდინატორები ჰყავს.
,,პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონა – ქალაქ წნორს, საქობოს, ვაქირს და ანაგას. მესამე კი – ბოდბისხვს, ჯუგაანს, ტიბაანს, ძველ ანაგას და მაჩხაანს.
თითოეულ ზონას ჰყავს ერთი კოორდინატორი, რომლის ძირითადი მოვალეობაა პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა, მოქალაქეების დახმარება განაცხადის შევსებაში, საჯარო შეხვედრების მოწყობა. კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩნენ. მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი წელს პირველად ხორციელდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო პროცესებში და შედეგად სოფლებიდან ასამდე საპროექტო წინადადება შემოვიდა.
სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის დაგეგმვაში’’,- განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამოქალაქო ბიუჯეტის შემუშავების პროექტი ხორცილედება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთს განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით