პანკისის და თელავის დემოკრატიის სკოლებში აპლიკაციების მიღება დაიწყო
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას თელავის და პანკისის დემოკრატიის სკოლებში.
თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის ნიკოლოზ შარვაშიძეს განმარტებით, სკოლის პროგრამა უფასოა. მისივე თქმით, მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სრული პროგრამის გავლა, რაც მოიცავს 5–საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 15 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან კი ჩატარდება გასაუბრება.
,,დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. ჩვენი პოლიტიკური განათლების ცენტრები 2011 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში, რომელთაც გასულ წელს თბილისის და პანკისის დემოკრატიის სკოლაც შეემატა. დემოკრატიის სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა. სასწავლო პროგრამა ოთხ მოდულად იყოფა: შესავალი დემოკრატიულ პოლიტიკაში, თანამედროვე დემოკრატიის საკითხები, ქალაქებისა და მერების საუკუნე და როგორ ვაკეთოთ პოლიტიკა”, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
მისივე თქმით, სალექციო კურსის გარდა, სასწავლო პროგრამა მოიცავს დამატებით სხვადასხვა აქტივობებს ადგილზე კურსის მსმენელების მონაწილეობით.
,,სალექციო კურსი მოიცავს დამატებითი აქტივობებს ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, სხვადასხვა კვლევების პრეზენტაციებს და გაცნობას, ადვოკატირების კამპანიებს, დებატებს, ფილმის ჩვენებას და სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც მათ ეხმარებათ მიღებული, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებაში. დღეისათვის პანკისის და თელავის დემოკრატიის სკოლა აერთიანებს 190 კურსდამთავრებულს. პანკისიდან მონაწილეებს უფინანსდებათ მგზავრობისა და კვების ხარჯები”,- განაცხადა შარვაშიძემ.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
იხილეთ პანკისის დემოკრატიის სკოლის აპლიკაციის შესავსები ფორმა: https://bit.ly/330voUJ