ფერმერების მიერ დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები დედოფლისწყაროში
გასულ კვირას შირაქის და ალაზნის ველებზე ფერმერების მიერ მიწის გასუფთავების მიზნით განგებ გაჩენილ ხანძარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე იყო გავრცელებული. ხანძარმა როგორც მიწა, ასევე ქარსაფარი ზოლი და ფრინველები გაანადგურა.
სპეციალისტების თქმით, მიწის გასუფთავების მიზნით ანთებულ ცეცხლს ფერმერები ვეღარ აკონტროლებენ, რის გამოც ნადგურდება ქარსაფარი ზოლები და იხოცება გარეული ცხოველი და ფრინველი.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ნაწილი გაუდაბნოების ზონაშია. მისივე თქმით, ნიადაგის გადაწვით და ქარსაფარი ზოლების განადგურებით აღნიშნული პრობლემები უფრო მწვავდება.
,,არამარტო დედოფლისწყაროში, ეს პრობლემა ზოგადად დგას. ეს განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების მოყვანა ხდება. ფერმერები ნამჯის გადაწვის მიზნით აჩენენ ცეცხლს. ეს დაუშვებელია, რადგან ვერ ხდება ცეცხლის გაკონტროლება და ფართო მასშტაბს იღებს.
გარდა ამისა, ასევე თავის საკუთრებასაც აყენებენ ზიანს. გადაწვის დროს ხდება ნიადაგის სტრუქტურის დაშლა. ან უნდა შეგროვდეს ნამჯა და გამოტანილი იყოს ადგილიდან, ან უნდა ჩავიდეს მიწაში რადგან ის ორგანული სასუქია და მოსავლისთვის კარგია.
აღნიშნული პრაქტიკა სამწუხაროდ კომუნისტების დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ამას შემდეგ ბევრი პრობლემა მოსდევს. გასულ წლებში ამ ფაქტს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში საძოვრების გადაწვაც მოყვა. გარდა ამისა, მცირედ შემორჩენილი ქარსაფარი ზოლებიც იწვება და ეს ძალიან ცუდია’’,- განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
ირინე ფხოველიშვილის თქმით, რა შედეგებს იწვევს მიწის გადაწვა, ამაზე ფერმერების უმეტესობა ინფორმაციას არ ფლობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრება.