არქიმანდრიტი კირიონი- აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.
მისივე თქმით, მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს ამონტაჟებენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები.
,,ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის უფროსს ესაუბრა. მათ თქვეს, რომ ჩვენი შესვლის პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს არსებული სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს.
საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ – მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა“ – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.
მისივე თქმით, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.
„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა.
ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.