პანკისში ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა – მობილიზებულია სპეცრაზმი
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების განახლების პარალელურად დღეს დილიდან სოფელში პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
როგორც ადგილობრივებმა Knews.ge-ს განუცხადეს, დილიდან პოლიციის მიერ გადაკეტილია მძიმე ტექნიკასთან მისასვლელი ყველა გზა.
,,დღეს დილიდან შემოვიდა სპეცრაზმი სოფელში და ელექტროსადგურის მშენებლობა სადაც არის დაგეგმილი ის გზები გადაკეტეს, რომ ხელი აღარ შევუშალოთ სამუშაოებს. ჩვენ არ გვინდა ჰესის აშენება, რადგან ის ბევრ პრობლემას შექმნის ხეობაში. ჩვენ ვაპროტესტებთ ჰესების მშენებლობას”,- განუცხადეს Knews.ge-ს ადგილობრივებმა.
ამ დროისთვის ადგილზე სადაც სპეცრაზმია მობილიზებული ადგილობრივები იკრიბებიან. ისინი ერთ წელიწადზე მეტია ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.
Posted by Sulkhan Bordzikashvili on შაბათი, 20 აპრილი, 2019