რას აკეთებს ლაგოდეხში ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2006 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს და საგანმანათლებო, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს ახორციელებს. ორგანიზაცია ყველა ასაკის ადამიანზე მორგებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და ფესტივალებს ატარებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნანა ნერსეზაშვილი სოფელში ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მუშაობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ცენტრი მუშაობს ზრდასრულთა განათლებაზე პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსების და აქტივობების განხორციელებით.
ნანა ნერსეზაშვილი აღნიშნავს, რომ საქმიანობის უკეთ წარმართვისა და გააქტიურებისთვის გახსნეს ახალი სივრცე და ფესტივალი თემაზე ,,პოზიტიური მშობლობა“ ჩაატარეს, რომელიც როგორც სოფლისთვის და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
,,ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო დონორ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან. ვახორციელებთ ყველა ასაკის ადამიანისთვის პროფესიულ და პიროვნული განვითარების კურსებს და აქტივობებს.
ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს. ცოტა ხნის წინ გავხსენით ახალი სივრცე და ჩავატარეთ ფესტივალი თემაზე ,,პოზიტიური მშობლობა“. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ იგივე სახელწოდების პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი გვაქვს სემინარები ,,პოზიტიური აღზრდის მეთოდებზე“ მშობლებთან, სოფელში მცხოვრებ ხანდაზმულებთან, სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგებთან და მომსახურე პერსონალთან. ჩვენი ორგანიზაციის ცალკე სამიზნე ჯგუფია ბავშვები და მოზარდები, რომლებთანაც ფსიქოლოგები მუშაობენ პიროვნული ზრდის და კონფლიქტების მართვის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში აგრეთვე ვახორციელებთ ერთობლივ სპორტულ აქტივობებს და ჩემპიონატებს მშობლებისთვის და მათი შვილებისთვის’’,- განუცხადა knews.ge-ს ნანა ნერსეზაშვილმა.
ნანა ნერსეზაშვილის თქმით, პროექტში ჩართულ ფსიქოლოგებს 40-ზე მეტი შეხვედრა აქვთ განხორციელებული.
,,ვახორციელებთ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის სხვადასხვა ღონისძიებებს. აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდების განათლებასა და გაძლიერებაზე. ასეთი აქტიური მუშაობის შედეგია, რომ შევქმენით სივრცე, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია მოსვლა და აქტივობების ჩართვა.
ევროკავშირის პროექტი ,,პოზიტიური მშობლობა“ დასასრულს უახლოვდება მაგრამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფსიქოლოგთან შეხვედრა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. პროექტის მიმდინარეობის პროცესში ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან, მერიის ქალთა ოთახთან, სათემო სივრცეების ლიდერებთან, საგა-სთან და საჯარო სკოლების ადმინისტრაციასთან.’’
სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მუშაობის შედეგად სოფელში და მუნიციპალიტეტში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. მისივე თქმით, ტრენინგების და სწავლებების მერე მშობლებმა შვილების და პედაგოგებმა მოსწავლეების მიმართ მიდგომები უკეთესობისკენ შეცვალეს.
,,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სემინარების და აქტივობების მონაწილე მშობლებიდან და პედაგოგებიდან ვიღებთ ძალიან საინტერესო უკუკავშირს, დადებით ემოციებს და ხმამაღლა აღიარებულ ქცევის ცლილებას. ჩვენ გვიხარია, რომ ვხედავთ ძალიან მოკლე დროში მასწავლებლები და მშობლები რამდენად ცვლიან საკუთარ შვილებთან და მოსწავლეებთან დამოკიდებულებას, რამდენად მეტად ესმით მათი სურვილების და ინტერესების და სხვა.
სემინარის მონაწილეები როცა გვხვდებიან, ან ხელმეორედ გვსტუმრობენ ახალი კითხვებით ამბობენ, რომ ახლა გაცილებით კარგად არიან და უკეთ ესმით შვილების”,– განაცხადა ნანა ნერსეზაშვილმა.