სოფელ კაჭრეთში, 55 წლის მამაკაცზე ძალადობაში პოლიციას ადანაშაულებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზვიად მთავრიშვილი სამართალდამცველებმა ისე სცემეს რომ მას თავზე ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. დაზარალებულის ოჯახის წევრები კამერების წინ საჯაროდ ლაპარაკს ერიდებიან.
55 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ოჯახური კონფლიქტის შემდეგ მოხვდა. სოფელ კაჭრეთში ჰყვებიან, რომ დაზარალებული ახლო ნათესავებს ეჩხუბა, რის გამოც მათ სამართალდამცველები გამოიძახეს.
პოლიციის განყოფილებაში კი მთავრიშვილს სცემეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, პოლიციამ ის სახლში გაუშვა, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. რამდენიმე დღეში მთავრიშვილი ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ კი რეანომობილით ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
კაჭრეთის პოლიციაში მომხდარს უარყოფენ. ამბობენ, რომ სოფელში გამოძახების შემდეგ ადგილზე სწორედ მათი განყოფილება გავიდა, თუმცა ძალადობა არ მომხდარა.
ოჯახის საჩივრის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეამოწმა კაჭრეთის პოლიციის განყოფილების ვიდეო ჩანაწერები, გამოკითხა საქმეში მონაწილე პოლიციელები და სამართალდამცველების ბრალეულობა ვერ აღმოაჩინა.
პარალელურად, საქმის გამოძიება დაიწყო კახეთის საოლქო პროკურატურამაც.
ავტორი: მაკა ხაზიური