ახალი ამბები

თელავში ,,სამოქალაქო მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა

თელავში ,,სამოქალაქო მოძრაობის“ რეგიონულ ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი დაესწრო.
მისი განმარტებით, ,,სამოქალაქო მოძრაობის“ მთავარი მიზანი მოქალაქეების გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი იქნება.

,,დღეს გვყავს ისეთი ხელისუფლება, როგორი მოქალაქეებიც ვართ. ჩვენ ვართ პასიური მოქალაქეები და კორუფციაზე ვხუჭავთ თვალს. ,,სამოქალაქო მოძრაობის“ მიზანია, რომ არ დაველოდოთ მხსნელს, დავიკაპიწოთ ხელი და ვიაქტიუროთ, რომ შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ.

ჩვენს ტვინებში უნდა დავამსხვრიოთ ის საბჭოური სტერეოტიპი, რომ ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. არავინ მოაგვარებს ჩვენს მაგივრად პრობლემებს. ქუჩა რომ არის დანაგვიანებული, ამას ჩვენ უნდა მივხედოთ, ხელისუფლება რომ კორუფციაშია ჩაფლული, ჩვენ უნდა ვაგებინოთ პასუხი.

დიდი პატივია, რომ თელავში გავხსენით ოფისი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლობა აქტიურ მოქალაქეებს შემოიკრებს’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ალეკო ელისაშვილმა.

,,სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისს ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ისინი ადგილობრივ აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად თვითმმართველობის მიმართულებით იმუშავებენ.

,,ვარ აქტიური მოქალაქე და მივხვდი, რომ გათითოკაცებული აქტიურობა შედეგს ვერ გამოიღებდა, ამიტომ შემოვუერთდი ამ გუნდს. დიდი იმედი მაქვს, რომ შემოგვირთდება ბევრი ახალგაზრდა და ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღემდე მოუგვარელელია’’,- აღნიშნა ნინო გოგოლაშვილმა.

 

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი