თვითმმართველობა

პრეზიდენტი – რეგიონებში ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია

რეგიონებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია, მაგალითად: ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სახეობის: სამედიცინო, ბალნეო, სამთო, არქეოლოგიური, რელიგიური ტურიზმის განვითარება’’– განაცხადა საქართველოს პრეზიედნტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მისასალმებელია დაცული ტერიტორიების სიაში ახალი ობიექტების შეტანა. პრეზიდენტის თქმით, მათი ხარისხიანი დაცულობა რეგიონების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა და გარემოს დაცვას ემსახურება.
ქვეყნის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონებში კულტურის სფეროს განვითარებაზე. მისი განცხადებით, კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობა საზოგადოების ცხოვრების ხარისხის მთავარი საზომია.
,,კულტურა ჩემი უცვლელი პრიორიტეტია როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის არის აუცილებელი პირობა რეგიონების განვითარებისთვის, რამეთუ ეკონომიკა კულტურის გარეშე ვერ განვითარდება; ვერც ადგილზე დავაკავებთ ახალგაზრდობას, თუ მათ არ ჩავრთავთ კულტურულ ცხოვრებაში. კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობა საზოგადოების ცხოვრების ხარისხის მთავარი საზომია. ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ კონცეფციაზე მუშაობა და ახლო მომავალში მას წარვუდგენთ ფართო საზოგადოებასა და კულტურის წრეებს. ადგილობრივი თეატრების გაცოცხლებით, მუზეუმების აღდგენით, მუსიკალური განათლების კერების გადარჩენითა და განვითარებით და, ზოგადად, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებზე ზრუნვით რეგიონებისა და, მთლიანად, სახელმწიფოს კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხას შევიტანთ. როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, მხარში დავუდგე ამგვარ წამოწყებებს’’, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.