ლაგოდეხის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული მიმართულებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, აღნიშნული თანხიდან ქალაქსა და სოფლებში იგეგმება 23 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
,,წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ლაგოდეხში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 800 000 ლარის ღირებულების 10 პროექტი განვახორციელეთ. მიმდინარე წელს კი 23 პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელზეც 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. რეგიონული განვითარების ფონდიდან დღეისთვის დაახლოებით 7 მსხვილი პროექტი გვაქვს დაფინანსებული და ამ მიმართულებით 4 მილიონზე მეტი თანხა დაიხარჯება’’,- განუცხადა Knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.