პირადობის ძველი მოწმობების შეცვლა მოქალაქეებს 1 მარტამდე შეეძლებათ
ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას 1 მარტის ჩათვლით მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, აქციის ფარგლებში საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ე.წ. ლამინირებულ, პირადობის ძველ მოწმობას ფლობენ, შესაძლებლობა აქვთ, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა. უწყების ცნობით, ის თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია.
მიმდინარე აქციით ამ დრომდე 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.
“2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ – 175 914; იმერეთში 125 383 მოქალაქეს აქვს პირადობის ძველი მოწმობა; კახეთში – 80 007 მოსახლესა და ქვემო ქართლში ეს რიცხვი 79 947-ს აღწევს.
აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.