ახმეტის სოფელ ოსიაურში ახალი სკოლა აშენდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობაზე ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.როგორც ცნობილია, 2019 წელს, საქართველოს მასშტაბით, 21 მუნიციპალიტეტში 29 ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობებთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით, 34 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 11 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს დაწყებული სკოლების ნაწილის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი