სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლლ პროცესი დროებით შეჩერდა. გურჯაანის მერის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულების დროებითი დახურვის მიზეზი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები გახდა. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, საბავშვო ბაღის კვების ბლოკში დარღვეული იყო სტანდარტები, რის გამოც სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება 1000 ლარით დაჯარიმდა.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეამოწმა 20-მდე საბავშვო ბაღი. შემოწმების შედეგად სოფელ ვეჯინის კვების ბლოკში აღმოჩნდა დარღვევები. სამზარეულოს გამწოვი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ასევე კედლებიდან ბათქაში ცვიოდა. ბაღის ადმინისტრაციას აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება დაევალა, მანამდე კი სააღმზრდელო დაწესებულება დროებით დაიხურა.
შემოდგომაზე საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელშიც 25 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა როგორც ჩანს, სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა. კომპანიის მიმართ სანქციებს აუცილებლად გამოვიყენებთ”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი