სიღნაღის მერიამ 7 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
მერიაში აცხადებენ, რომ 5 ვაკანსიაზე დახურული კონკურსი ჩატარდება, ხოლო ღია კონკურსი კი – 2 პოზიციაზე. უწყების ინფორმაციით, კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევვას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს.
“სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ეკონომიკის სამსახურის უფროსის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის შესარჩევად გაიმართება დახურული კონკურსი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისა და შესყიდვების განყოფილებების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების შესარჩევად გადავწყვიტეთ, ჩავატაროთ ღია კონკურსი. ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება, ხოლო სამუშაო გამოცდილება განისაზღვრება პოზიციების მიხედვით. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 800-დან 1500 ლარამდე მერყეობს.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 14 თებერვლამდე შეეძლებათ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი