ახალი ამბები

ბრიუსელში პანკისის ხეობის სკოლების მასწავლებლისთვის სასწავლო ვიზიტი დაიწყო

პედაგოგთა 20- კაციანი ჯგუფი, პანკისის ხეობის სოფლებიდან, სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში იმყოფება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცხადებენ, რომ ვიზიტის პირველ დღეს მათ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროპული ღირებულებები, საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ და ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა იყო.
მოგვიანებით მასწავლებლები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) ეწვივნენ, სადაც ჯგუფის ხელმძღვანელისგან, ნიკოლეტას პასტერლასგან, ევროკავშირის პროექტების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პირველი დღე ბელგიის კერძო სკოლაში “Ecole International Mongomery” სტუმრობით დასრულდა. ისინი ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
ბრიუსელში პედაგოგებთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც იმყოფება. მისი განცხადებით, პროექტი უმნიშვნელოვანესია უწოდა და ესაა არაჩვეულებრივი შანსი ევროპული სტრუქტურების მუშაობისა და ევროპული საგანმანათლებლო სისტემის გასაცნობად.
„მონაწილეებმა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. განსაკუთრებით იმ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, რასაც ევროპასთან ასოცირება და ევროკავშირში შესვლა შეგვიქმნის. თითოეულმა პედაგოგმა თავისი საქმიანობის ჭრილში მნიშვნელოვანი კითხვები დასვა და მიიღო ის ინფორმაცია, რომელსაც ხეობაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს, მშობლებსა და თემის სხვა წარმომადგენლებს მიაწვდის. ვფიქრობ, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილობრივი თემისათვის გაცილებით სანდო იქნება, რადგან ესაა არა ვინმეს მონაყოლი, არამედ მათი საკუთარი თვალით ნანახი.
„ჩვენი პროგრამის მონაწილეები ყველაზე დიდი ინტერესით სკოლაში სტუმრობას მოეკიდნენ. საინტერესო იყო მათთვის იმის გაცნობა, თუ როგორ ხდება სასწავლო პროცესის ორგანიზება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია და რა ღირებულებებს ეფუძნება საგანმანათლებლო სისტემა. დღევანდელი დღე მათი მხრიდან შეფასდა როგორ ძალიან ინფორმაციული, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი“ , – განაცხადა ლია გიგაურმა.
დღეს უკვე მასწავლებლები ნატო-ს სათაო ოფისს ეწვევიან. მათი ვიზიტი ბრიუსელში 7 თებერვალს დასრულდება.
პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი