ახალი ამბები

ყარაჯალაში 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

თელავის მუნიციპალეტის სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი 19 წლის რადიმ ყურბანოვის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის და ნათესავების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

მოკლული რადიმ ყურბანოვის მამის თქმით, მისი შვილი 10 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მოკლეს.

„10 წლის წინ, როდესაც ჩემი ბიჭი 9 წლის იყო, ცხვარში სამწყემსად იყო მამაჩემთან ერთად, იქ გვქონდა თოფი. ამ მკვლელის ძმამ აიღო და შემთხვევით გაისროლა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა. მამაჩემი 2 წელი და 6 თვე იჯდა. ახლა ამათ შვილი უმიზეზოდ მომიკლეს. თუ არ გადასახლდებიან სოფლიდან, თავად სოფლის მოსახლეობა დავსჯით მათ, სახლებს გადავუწვამთ“, – განაცხადა მოკლული რადიმ ყურბანოვის მამამ.
რადიმ ყურბანოვი სოფელ ყარაჯალაში 1 თებერვალს მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი