პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაგოდეხში შეხვედრას გამართავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე რეგიონებში შეხვედრებს იწყებს.
მისი თქმით, კომიტეტის წევრებთან ერთად საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას სოციალური მუშაკის რეფორმაზე, რომელიც ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად დაიწყო.
კილაძეს თქმითვე, შეხვედრა კახეთის რეგიონში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართება.
,,რეგიონებში შეხვედრებს დღეიდან დავიწყებთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვის მიმართონ ასეთ შემთხვევაში. შეხვედრაზე ასევე, ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე გვექნება საუბარი, რომელიც პრევენციული, ოჯახური ძალადობის თავიდან აცილების მექანიზმებზეა ორიენტირებული. ჩვენ უშუალოდ რეგიონების საზოგადოებისგან მოვისმენთ მათ პრობლემებს და ვიმუშავებთ მათ აღმოფხვრაზე. შეხვედრები ჩატარდება ზუგდიდში, ხობში, ბათუმში, ქუთაისში, ლაგოდეხში, თბილისში. რეგიონებში დაგეგმილი ვიზიტი მხარდაჭერილია NDI-სა და UK Aid-ის მიერ’’,-აცხადებს სოფო კილაძე.