სოფელ კისისხევში ღვინის სოფელი აპრილში გაიხსნება
კომპანია “Schuchmann Wines Georgia”-მ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ღვინის სოფელი გააშენა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპლექსი კისისხევში მდებარე ღვინის საწარმოსა და სასტუმრო კომპლექსის მიმდებარედ 5 ჰექტარზე გაშენდა და ათი ვილისგან შედგება.
პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია, საიდანაც 2 მილიონი უკვე დახარჯულია. 2020 წელს კი დამატებით 15 ვილის მშენებლობა იგეგმება.
„ვილები უნიკალური ქართული მასალებითაა აშენებული, რომლებიც მე-19 მე-20 საუკუნეშია დამზადებული, როგორიცაა ქართული ქვა, კრამიტი და სხვა. კომპანია ამ ექსტერიერის შესაქმნელად დაახლოებით წელიწადნახევარი აგროვებდა ძველი სახლების დაშლის შედეგად მიღებულ მასალებს. მისი ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ კონცეფციის შესაბამისადაა მოწყობილი, რომელიც ჩვენს ყველა ობიექტზე მეორდება, ის ძალიან მინიმალისტურია და ქართულ, ისტორიულ, უნიკალურ ფრაგმენტებზეა დაფუძნებული. ვილების სოფელი უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი კოტეჯური სტილის სოფელი, ღვინის ტურიზმის მიმართულებით, ჯერჯერობით არ არსებობს. ვილები ჩვენი ტურისტული კომპლექსის ნაწილია, სადაც ადამიანებს პრივატულად დასვენება შეეძლებათ. ვილებში იმოქმედებს პრივილეგირებული სერვისები, როგორებიცაა კონსიერჟული მომსახურება, ადგილზე რესტორნისა და სპა სერვისებით უზრუნველყოფა და სხვა. თითეული ვილა 5-6 ადამიანზეა გათვლილი, მისი ქირაობა, როგორც წყვილებს და ოჯახებს, ასევე ადამიანთა ჯგუფს შეეძლება. ვილის ქირაობის ფასი დღე-ღამეში 230-250 დოლარი იქნება“, – აცხადებენ კომპანიაში.
ვილები საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი და ექსკლუზიურ სერვისებს ითვალისწინებს.
კომპანია “Schuchmann Wines Georgia” ღვინის ტურიზმით 2009 წლიდანაა დაკავებული, ის ფლობს 20 ნომრიან სასტუმროს. ღვინის კომპანია წელიწადში 20 ათას სტუმარს მასპინძლობს.