კახეთის გუბერნატორი – აეროდრომმა „მიმინომ“ შიდა ფრენები შესაძლოა გაზაფხულიდან განახორციელოს
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე თელავში არსებულმა სასწავლო აეროდრომმა „მიმინომ“ შიდა ფრენები შესაძლოა გაზაფხულიდან განახორციელოს. ირაკლი ქადაგიშვილი თქმით, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს.
“მიმდინარე წლის გაზაფხულზე თელავში არსებულ სასწავლო აეროდრომ „მიმინოზე“ შიდა ფრენების განსახორციელებლად მოლაპარაკებები ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გავაჟღერებ, რადგან მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას ელოდება. რაც შეეხება კახეთში სწორედ „მიმინოს“ ბაზაზე აეროპორტის მშენებლობა, ამ ეტაპზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, კახეთის ერთ-ერთ პრიორიტეტული გამოწვევა ეს პროექტია, რადგან ეს ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობილია, რომ „TAV Georgia“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება 2027 წლამდე შესაძლებლობას არ იძლევა თბილისთან ახლოს ამუშავდეს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო რეისებს მოემსახურება.
დღეს აეროპორტ „მიმინოში“ შიდა რეისები არ სრულდება. აეროპორტი სრულად სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“ 2013 წლიდან საქართველოს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა.
აეროპორტი აღჭურვილია სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.
ნიკოლოზ ესიტაშვილი