ახალგაზრდების გაძლიერებისთვის კახეთში ახალი პროგრამა დაიწყო
საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში დაიწყო ახალი პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ განხორციელება.
პროექტი, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით საერთაშორისო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები”, მიზნად ისახავს, გამოავლინოს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონის გამომწვევი მიზეზები და მათივე ჩართულობითა და გაძლიერებით წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის გადაჭრაში.
ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” ინფორმაციით, საქართველოში ყოველი მესამე ახალგაზრდა უმუშევარია, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობასა და თავად ამ ახალგაზრდების სამომავლო განვითარების შესაძლებლობაზე.
ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, სომხეთი და უკრაინა დგანან, სწორედ ამიტომ გადაწყდა აღნიშნული პროექტის განხორციელება.
„ახალგაზრდების დასაქმებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ მათ ნაკლებად აქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის, საქმიანობის სფეროს სწორად არჩევის, ინიციატივის გამოვლენის, იდეის საქმედ ქცევის უნარები. „გადავარჩინოთ ბავშვებმა“ შეარჩია 10 ორგანიზაცია, რომლებიც სამიზნე რეგიონებში მუშაობენ და ასწავლა მათ ახალგაზრდებთან იმ უნარების განვითარებაზე მუშაობა, რომლებიც ჩატარებული კვლევის თანახმად, მათ ყველაზე მეტად აკლიათ. ეს ათი ორგანიზაცია შეძლებს „გადავარჩინოთ ბავშვების“ დაკვეთით პროფესიონალთა მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამების გამოყენებით, ტრანსვერსალური (დასაქმებისათვის საჭირო) უნარები ასწავლოს მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ იპოვონ სამუშაო, მუდმივად იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე. ეს უნარები ახალგაზრდებს დაეხმარება, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები საკუთარი საქმის დასაწყებად ან უკეთესად დაგეგმონ თვითდასაქმების შესაძლებლობები, დაიწყონ იმ შესაძლებლობების მოძიება, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიზნად ისახავს, შექმნას ახალგაზრდების ეროვნული ქსელი, რომელიც ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაეცნობა ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებობს. ამ გზით ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას ექნება საშუალება, აქტიურად ჩაერთოს განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. კახეთის რეგიონში ტრანსვერსალურ (დასაქმებისთვის საჭირო) უნარებთან დაკავშირებულ ტრენინგებს ჩაატარებენ ორგანიზაცია „ცოდნის კაფე“ და „თუშეთის განვითარების ფონდი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ ევროკავშირი აფინანსებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინო ბავშვები“ ახორციელებს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.