კახეთში წითელათი ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოში დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა.
უწყების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში წითელას შემთხვევების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან წითელას ვირუსით ინფიცირებით ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში დაფიქსირდა.
,,კახეთში წითელათი დაავადების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. სულ 42 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 23 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. აქედან 20 შემთხვევა იორმუღანლოს თემში დაფიქსირდა, 3 კი – ქალაქ საგარეჯოში. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 9 შემთხვევა გამოვლინდა ყვარელში, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი გვაქვს ერთეული შემთხვევები დაფიქსირებული”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, წითელათი დაავადებით თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აცრის ჩატარება.
,,წითელათი დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აცრის ჩატარება. ნებისმიერ პირს თავის დასახლებასთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ან ამბულატორიაში შეუძლია აცრის ჩატარება. ყველას მოვუწოდებ აცრისკენ, რომ არ გაიზარდოს დაავადებულთა რაოდენობა”, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.