ახალი ამბები

სოციალური მიმართულებით თელავის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 760 ათასი ლარი გამოიყოფა

მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 760 ათასი ლარი გამოიყოფა.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას.
„პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ავადმყოფთა, გაჭირვებულთა და სოციალურად დაუცველ პირთათვის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, მათი კვებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მედიკამენტებითა და სამედიცინო დახმარების მომსახურების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება, ასევე გარდაცვლილ ვეტერანთა, დევნილთა, უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დახმარების ღონისძიებების დაფინანსება და ა.შ. ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსება, რომლის მიზანია თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“, – აცხადებენ თელავის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი