საქართველოს პრეზიდენტი თელავში თეატრის დღეს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით თელავში იმყოფება.
ქართული თეატრის დღე, რომელსაც საქართველოში ყოველწლიურად 14 იანვარს აღნიშნავენ, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზეც აღინიშნება.
დღესასწაულის პროგრამაშია თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, ვანო იანტბელიძის საღამო, რომელიც მის 65 წლის იუბილეს ეძღვნება.
შემოქმედებითი საღამოს შემდეგ თეატრის ეზოში ვანო იანტბელიძის ვარსკვლავის საზეიმო გახსნის ცერემონიაა დაგეგმილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. ეს თელავის თეატრის წინ რიგით მესამე ვარსკვლავი იქნება ვენერა ფეიქრიშვილისა და თემურ ხუნაშვილის ვარსკვლავების შემდეგ.
ამას გარდა, თეატრის ფოიეში დაგეგმილია თეატრმცოდნისა და ხელოვნების დოქტორის, ლაშა ჩხარტიშვილის მონოგრაფიის „თელავის თეატრი 158″ პრეზენტაცია. წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზე და დართული აქვს ანოტაციები რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს თეატრალური საზოგადოება. ქართული თეატრის დღე ქვეყანაში უკვე 169-ედ აღინიშნება. 1850 წლის 14 იანვარს საქართველოში წარმოდგენილი იყო გიორგი ერისთავის პიესა “გაყრა”. ერისთავი იყო წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი და ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, ასევე, ქართული არისტოკრატიის მხარდაჭერით, სპექტაკლის წარმოდგენის ორგანიზატორი.
იმავე 1850 წელს ერისთავმა ჩამოაყალიბა პირველი ქართული პროფესიული თეატრი, რომელიც ქართული კულტურის, პროფესიული რეალისტური დრამატურგიის კერა გახდა.
საქართველოში ამჟამად 48 პროფესიული თეატრია, მათ შორის, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის.