გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით 27 პაციენტი მკურნალობს
გურჯაანში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გრიპით ინფიცირებული 27 პაციენტი მკურნალობს.
“გურჯაანში გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებებით პაციენტთა მიმართვიანობამ მოიმატა. 1023 მიმართვიდან 180 იყო მწვავე რესპირატორული ინფექციები. სტაციონარშიც მოიმატა პაციენტთა რაოდენობამ. გასულ კვირას იყო 7 შემთხვევა, ამ მდგომარეობით საავადმყოფოში მკურნალობს 27 პაციენტი”, – აცხადებენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადგენა შეუძლებელია, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მაინც გასცა 2 კოლოფი ანტივურუსული მედიკამენტი ტამიფლუ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მედიკამენტი უფასოდ გაიცემა ორსულებზე, ქრონიკულად დაავადებულებზე, პენსიონერებზე, ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებზე, თუმცა აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი