გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებში ცვლილებები შევიდა
2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. გურჯაანის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სოციალურ პაკეტს დაემატა ერთ წლამდე ასაკის ბავშვების კვების ხარჯი. აქამდე ეს საკითხი სოციალურ პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული. სოფიკო ქუმსიშვილის თქმით, გარდა ამისა, ბიუჯეტში მერიამ გაითვალისწინა საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისთვის დახმარების გამოყოფა. ყოველთვიურად მათთვის 50 ლარი იქნება გათვალისწინებული. ონკოლოგიური ავადმყოფები კი წელიწადში 1000 ლარამდე დაფინანსდებიან. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თანხა დაუნის და აუტისტური სპექტრის 18 წლამდე ასაკის ბავშვების სარეაბილიტაციო კურსისთვის.
“სოციალურ პაკეტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვების კვება დაფინანსდება. დაემატა აუტისტური სპექტრის ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციის აუტისტური სპექტრის თანადაფინანსება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში განისაზღვრა კატეგორიები დაავადებების მიხედვით. კერძოდ ეს არის გაფანტული სკლეროზი, ასევე 120 000 ქულის მქონე ეპილეფსიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც დაუფინანსდებათ არა წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 100 ლარისა, არამედ მათ განესაზღვრათ წლიური ლიმიტი სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში 800-დან 1200 ლარამდე”, – განაცხადა სოფიკო ქუმსიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში სოცილური მიმართულებით 1 მილიონ 249 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.
ნიკოლოზ ესიტაშვილი