თელავის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი 21 მილიონ 669 ათასი ლარით განისაზღვრა და ის წინა წლებთან შედარებით 3 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდული მიმართულება იქნება.
,,მომავალი წლის ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება გაიზარდა. ინფრასტრუქტურის დაფინანსება 33%-ით გაიზარდა და 6 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება ამ მიმართულებით. ასევე სოციალური სფეროს დაფინანსება გაიზრდება 9%-ით, განათლებაც ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და ამ მიმართულებით 22%-იანი ზრდა გვექნება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებაზე გამოყოფილი თანხა კი წინა წელთან შედარებით 16%-ით მოიმატებს. მთლიანობაში 2019 წლის ბიუჯეტი 21 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა. გარდა ამისა, პროექტების განხორციელებისათვის ამ თანხას დაემატება რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსება. ეს იქნება, სავარაუდოდ, 13 მილიონ ლარამდე თანხა’’, –განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები. არჩილ თხლაშიძის განმარტებით, საფინანსო დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დროს მოსახლეობის მიერ წამოყენებული 16-მდე ინიციატივა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხებოდა.
,,საჯარო შეხვედრების დროს მოსახლეობის მიერ გამოთქმული ინიციატივები და მნიშვნელოვანი საკითხები შეძლებისდაგვარად ავსახეთ ბიუჯეტში. ეს ეხებოდა ტროტუარების მოწესრიგების საკითხს, მწოლიარე პოლიციელების დამატებას, გზების დაგებას, სკვერის მოწყობას და სხვა. მაგალითად: მოქალაქის ინიციატივის საფუძველზე 50 000 ლარით გაიზარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტში ისედაც იყო გათვალისწინებული ამ მიმართულებებით პროექტების განხორციელება კონკრეტულ ტერიტორიებზე, თუმცა დაემატა სხვა ადგილებიც’’,- განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.
2019 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე ლექსო ძულიაშვილი განმარტავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები. მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი ვერ სრულდება, რადგან 2 მილიონამდე თანხა გაუხარჯავი რჩება.
,,ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დავუჭირეთ. ჩვენი ხედვით, ეს იყო 2018 ბიუჯეტიდან გადაწერილი. წლევანდელი ბიუჯეტი ვერ სრულდება, ეს არის იმის მიზეზი, რომ ბიუჯეტის დამუშავების დროს მასში არ მონაწილეობენ კომპეტენტური პირები. ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებს, აქედან გამომდინარე ჩვენ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ. ჩვენი ინფორმაციით, 2 მილიონამდე ლარი გაუხარჯავი რჩება, სწორედ წინა წლის ბიუჯეტიდან არის გადაწერილი წლევანდელი მთავარი საფინანსო დოკუმენტიც’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლექსო ძულიაშვილმა.
მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი