ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციების საშობაო მსვლელობის შესახებ

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ „მედია ცენტრი კახეთის“ ინიციატივით, ქალაქ თელავში ჩატარდება სამოქალაქო ორგანიზაციების კოსტუმირებული მსვლელობა შობა-ახალი წლის აღსანიშნავად. აქციის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს ადგილობრივ ინიციატივებს სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობადობისა და ლოიალურობის გაზრდისათვის საზოგადოებაში.
მსვლელობა 29 დეკემბერს, 12:00 საათზე ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიიდან დაიწყება და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15:00 საათზე დასრულდება.
მსვლელობაში მონაწილეობის მიღების მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა გამოყონ 2-3 წარმომადგენელი, რომლებიც რომელიმე ზღაპრის გმირს განასახიერებენ. მსვლელობის მონაწილეები თელავის მოსახლეობას (ბავშვებსა და ქუჩაში დასაქმებულ ადამიანებს) ტკბილეულით მიულოცავენ ახალ 2019 წელს!
ამასთან, აქციის მონაწილეები შეაგროვებენ და შეავსებენ თელავში არსებული სოციალური კარადის თაროებს ტკბილეულითა და ტანსაცმლით. აქციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ მონაწილე ორგანიზაციებმა მოახდინონ ტკბილეულის (შოკოლადების/კანფეტების) შეგროვება და უზრუნველყოფილნი იყვნენ ტკბილეულით სავსე კალათით (შესაძლებლობისამებრ, კალათებით).
საორგანიზაციო ჯგუფი ღიაა კოლეგების დამატებითი იდეებისათვის. გთხოვთ, 26 დეკემბრის 17 საათამდე მოგვაწოდეთ თქვენი აზრი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქციის შესაძლო დაფინანსების წყაროების თაობაზე.
შემოწირულობის გაღებისა და კოსტიუმების მსურველები, გთხოვთ, დაუკავშირდით საშობაო მსვლელობის ინიციატორს ნინი ასანაშვილს შემდეგი ტელეფონის ნომერზე: 598099339

დამდეგ ბედნიერ შობა-ახალ წელს მეგობრებო!

პატივისცემით,
მედია ცენტრი კახეთის გუნდი.