გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივით, თელავში აქცია გაიმართება.
აქციაზე დასასწრებად თბილისიდან თელავის მიმართულებით ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე დაიძრნენ.
მათი განცხადებით, დღეს თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, აღნიშნული აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელიც გამოხატავს ამომრჩევლის პოზიციას, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.
როგორც ცნობილია, 15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს.
ფოტო: ipn.ge