თელავის მერია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის ჩატარებას სხვა ადგილზე სთავაზობს
გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში, ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე მერიამ უარი უთხრა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.
„ოფიციალურად მათ წარმომადგენელს ჩაბარდა პასუხი. დღეს ასევე გაიგზავნა ფოსტით ეს პასუხი. ვინაიდან, ის ტერიტორია, რომელიც მათ ჰქონდათ მოთხოვნილი, ექცევა იმ ტერიტორიაში, სადაც ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, მათ შეუძლიათ გამართონ იქ აქცია“,- აღნიშნა ნარეკლიშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობა” კი თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს. პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, აქცია გაიმართება იქ, სადაც იგეგმებოდა.
გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას 16 დეკემბერს, თელავში, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავს.