თელავში სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბი გაიხსნება
თელავში, 17 დეკემბერს სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
კლუბი ჩამოყალიბდა ა(ა)იპ ,,მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია “Human Doc”- ის პროექტის ,,მხედველობა – სმენის პრობლემების მქონე მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში და მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მიერ.
ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის დეპარტამენტის ვიცე დირექტორი მარეკ კუბერსკი, ორგანიზაცია Human Doc – პროგრამების დირექტორი სტანისლავ ბროდნუხი, მეგი ბიბილური და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.
“პირველად ამიერკავკასიაში იქმნება ერთდროულად სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის, განათლების, ინტეგრაციის ცენტრი, რომლის კლუბები ფუნქციონირებას დაიწყებენ თბილისში, თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში. კლუბებს გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა და მოხდა მათი სპეც პედაგოგების გადამზადება პოლონელი ექსპერტების მიერ, მათ შორის სასწავლო ვიზიტი ქ. ვარშავაში და სხვა მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ყრუ-უსინათლოთა ერთმანეთთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობის მსოფლიოში მიღებული მეთოდი: ,,ლორმის ანბანი Geo Lorm”, რომლის მნიშვნელობაზე კლუბის წევრები ბენიფიციარებთან ერთად გააკეთებენ პრეზენტაციას”, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი