პრეზიდენტი თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თელავში, ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეულია.
„რა თქმა უნდა, ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. იმედი მაქვს, ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც ეხება უფლებამოსილების გადაბარებას, წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის ახლადარჩეული მეთაურის ინაუგურაციას დაესწრება.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს. ინაუგურაცია 15 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. მოწვეული სტუმრების საზეიმო მიღება წინანდალში, სასტუმრო რედისონშია დაგეგმილი.
“პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სცენის მოწყობა უკვე დასრულებულია. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ერეკლე მეფის სასახლის აღმოსავლეთი ნაწილში. ინაუგურაციაში მონაწილეობას მიიღებს ჯარი. ცერემონიის გენერალური რეპეტიცია უნდა გაიმართოს 14 ან 15 დეკემბერს და მოსამზადებელი სამუშაოები მანამდე აუცილებლად დასრულდება. ინაუგურაციაზე 1000-1200 სტუმარს ელოდებიან”, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი